Saturday, October 10, 2009

კორპორატიული სოც. ქსელები

ერთთვიანი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ ახლა დაკავებული ვარ სწავლით, ვეცდები ბლოგზე კვირაში ერთხელ მაინც დავწერო.  ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ ჩემი RSS ლენტა გამოიწეროთ, არარეგულარული განახლებების მისაღებად.

ახლა გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ საკითხზე.  სოციალური ქსელები ბიზნესს უკვე დიდი ხანია (სოციალური ვების განზომილებით) იზიდავს. Facebook, Twitter, MySpace, LinkedIn და სხვები დიდი ხანია გახდნენ პოლიგონი მარკეტინგული კამპანიებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების ძებნი ადგილი. მაგრამ კორპორატიული სოციალური ქსელები უკვე სხვა განზომილებაა.

ბაზარზე არის რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დახურულ სოც. ქსელებს სთავაზობს. თუმცა არსებობს აზრი (და გამოკვლევები) რომ ეს ტყუილა დროისა და ფულის ხარჯვაა. მიზეზად სახელდება მომხმარებლების სიმცირე, კომპანიების მენეჯმენტის გამოუცდელობა სოც.ქსელების მართვაში და ინვესტიციის სიდიდეს (რომელიც სარგებელს არ შეესაბამება). არა და ერთი შეხედვით სპეციალიზირებულმა, კომპანიაზე მორგებულმა სოც. ქსელმა შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს კომპანიის პროცესებში და საკმაოდ ფულიც დაზოგოს, ამავე დროს არ სჩანს პროდუქტი რომელიც ამას შესძლებს.

ამ რამოდენიმე დღის წინ გავეცანი კორპორატიული სოც. ქსელების ახალ კონცეპციას რომელზეც უკვე მუშაობს რამოდენიმე კომპანია. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოსმენილი და თქვენი აზრიც მოვისმინო.

ახალი კონცეპტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კორპორატიული პროდუქტის შექმნას, არამედ უმიზნებს კონკურენცია გაუწიოს დღეს არსებულ სოც. ქსელებს და სოციალურ ინტერნეტში მომხმარებლის მოქმედებას “აზრი შემატოს”.

მოკლედ რომ ავღწერო, ლაპარაკია მრავალშრიან გაერთიანებულ დიდ სოც. ქსელზე რომელიც შესძლებს სხვადასხვა მომხმარებელს, სხვადასხვა შრეზე, მისთვის სასურველი სერვისი მისცეს. ამავე დროს, თითოეულ მომხმარებელს რამოდენიმე შრე შესთავაზოს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ დღეს წამოჭრილი Privacy-ს, სპამის და ინფორმაციისგან გადატვირთვის პრობლემა.

მოვცილდეთ თეორიას და პრაქტიკულ მაგალითზე განვიხილოთ დაწერილი:

მომხმარებელი X დღესდღეობით გაწევრიანებულია… ვთქვათ Facebook-ში… მას ჰყავს რამოდენიმე ასეული “მეგობარი”. მათი სია შედგება ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანთა ჯგუფებისგან: ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლებისაგან, მეზობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ინტერნეტ ნაცნობებისგან, 15 წლის უნახავი თანაკლასელებისგან, თანაკურსელებისგან, შემთხვევითი ნაცნობებისგან… და ღმერთმა იცის კიდევ  ვისგან. X გაწევრიანებულია ათეულობით ჯგუფში რომლისგანაც იყენებს 5-10 %. მოსდის ათობით შეტყობინება/მოპატიჟება… ხდება დიდი რაოდენობით არასასურველი ინფორმაციის ცირკულაცია. ხდება არასასურველი ადამიანთა ჯგუფებთან ინფრომაციის გაზიარება…

მეორეს მხრივ არიან კომპანიები რომლებსაც უწევთ დიდი რაოდენობით არასაჭირო ინფორმაციის დამუშავება. ისინი შეცდომაში შედიან კლიკების ან სოც. ქსელებში ჯგუფის წევრების რაოდენობით. გამიზნული დიალოგის ნაცვლად კი ბევრის მარკეტინგული ძალისხმევა, ქუჩაში გამოკრულ ბილბორდს ემსგავსება რომელიც ყველასათვის და ამავე დროს არავისთვის არის.

მრავალშრიანი სოც. ქსელი ითვალისწინებს ამ შეუთავსებელი მიკროსამყაროების ერთმანეთისგან გამოყოფას და ცალკე, იზოლირებულ შრეებში მოქცევას, ასევე სასურველი შრეების სასურველი დოზით დაკავშირებას. კომპანიებს ეს საშუალებას მისცემს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მიზნობრივ ჯგუფებთან, გამოყოს და გაანალიზოს საჭირო ინფორმაცია და ასევე აწარმოოს სოც. ქსელი რომელიც ერთდროულად მოიცავს კლიენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ერთად, თუმცა ამავე დროს ცალკე იქნებიან.

მომხმარებელი ამ თეორიის მიხედვით იღებს პირველ რიგში მეტ ძალაუფლებას კომპანიასთან მიმართებაში (პირდაპირი მიზნობრივი დიალოგის სახით) და ამავე დროს მას უბრუნდება ის privacy რომელიც სოც. ქსელებმა ამ ბოლო დროს წაართვეს მას.

კონცეპტი დიდი, აბსტრაქტული და ფანტასტიკური სჩანს, თუმცა მისი სერიოზული განხილვა და მასზე მუშაობა მიდის. შედეგს მომავალი 5 – 10 წელი გვიჩვენებს.

რას ფიქრობთ ასეთ დიდ, გაერთიანებულ და მრავალშრიან სოც. ქსელზე? გამოთქვით თქვენი აზრი კომენტებში.

No comments:

Post a Comment